English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ ემირ ეთერია
ეკონომიკური გლობალიზაციისა და დეგლობალიზაციის ტენდენციები 2005-2019 წლებში

DOI: 10.36172/EKONOMISTI.2022.XVIII.04.Eteria

ვრცელი რეზიუმე 

მე-20 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან 2007-2008 წლების გლობალურ ფინანსურ კრიზისამდე პერიოდი, ეკონომიკური გლობალიზაციის, კერძოდ კი ნეოლიბერალური გლობალიზაციის ტრიუმფის პერიოდადაა მიჩნეული.  გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე გააქტიურდა დისკუსია დეგლობალიზაციის პროცესის გარდაუვალობის თაობაზე. ამის ძირითად მიზეზს წარმოადგენდა ერთის მხრივ, გლობალური ფინანსური კრიზისის დრამატული შედეგები როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში და მეორეს მხრივ,  ქვეყნების განვითარების დონეებს შორის არსებული განსხვავებები.  ნეოლიბერალური გლობალიზაციის კრიტიკა გარკვეულწილად მოდურ ტრენდად იქცა, რომელიც მიმზიდველი გახდა როგორც ეკონომისტების, ისე არაეკონომისტებისთვის.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად დეგლობალიზაციის თაობაზე ცხარე დისკუსიისა და მრავალი პუბლიკაციისა ამ საკითხზე, გლობალიზაციის აქტიურ მოწინააღმდეგებს შორისაც კი არ არსებობს ერთგვაროვანი შეხედულება დეგლობალიზაციის პროცესის გარდაუვალობის თაობაზე. ნათელია, რომ გლობალიზაციის პროცესმა არაერთი საკითხის გამწვავება განაპირობა, რაც თავის მხრივ, აძლიერებს გლობალიზაციისადმი წინააღმდეგობას როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში.

ცნობილია, რომ გლობალიზაციას მრავალი განზომილება გააჩნია, მათ შორის ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური, ტექნოლოგიური, კულტურული და ასე შემდეგ, რაც გლობალიზაციის მრავალმხრივ და ამავდროულად, ყოვლისმომცველ ხასიათზე მიუთითებს. წინამდებარე სტატიაში ყურადღება გამახვილებულია გლობალიზაციის ეკონომიკურ განზომილებაზე, რომელიც გლობალიზაციის სხვა გაზომილებების განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. 

დეგლობალიზაციის პროცესის დადასტურება ან უარყოფა პირველ რიგში გლობალიზაციის პროცესის განმარტებას/აღწერას მოითხოვს, თუ რა არის გლობალიზაცია, რა ფაქტორები განაპირობებს მას, რა გამოხატულებას პოულობს გლობალიზაცია ეკონომიკის სფეროში. ამასთან, გლობალიზაციის ეკონომიკური განზომილების ორ ძირთად სახეს ვაჭრობის და კაპიტალის მოძრაობის გლობალიზაცია წარმოადგენს. შესაბამისად, დეგლობალიზაციის პროცესის დადასტურების ან უარყოფის ერთერთ გზას მსოფლიო ვაჭრობისა და უცხოური ინვესტიციების დინამიკის ანალიზი წარმოადგენს. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დეგლობალიზაციის პროცესის ცალკეული ნიშნების არსებობა გლობალიზაციის პროცესის იმთავითვე უარყოფას არ ნიშნავს.

გლობალიზაციის მრავალი დეფინიცია არსებობს. აღნიშნულ სტატიაში გამოყენებულია ცნობილი ეკონომისტების - ჯ. სტიგლიცისა და ჯ. ბჰაგვატის, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმარტებები. გლობალიზაციის აღნიშნული დეფინიციები ურთიერთდაკავშირებულია და ბევრ საერთო ელემენტს მოიცავს. ზემოაღნიშნული ავტორებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემოთავაზებული გლობალიზაციის განმარტებების საკვანძო სიტყვებია ინტეგრაცია და ურთიერთდამოკიდებულება. შესაბამისად, დეგლობალიზაციის შემთხვევაში სიტყვა „ინტეგრაცია“ უნდა ჩანაცვლდეს დისინტეგრაციით და/ან ფრაგმენტაციით, ხოლო ურთიერთდამოკიდებულების ზრდა პირიქით ურთიერთდამოკიდებულების შემცირებით. ნათელია, რომ ვაჭრობა და ინვესტიციები გლობალიზაციის მთავარ მამოძრავებელ ძალებს წარმოადგენენ. შესაბამისად, ეკონომიკის დეგლობალიზაცია, ისევე როგორც გლობალიზაცია, ვაჭრობისა და ინვესტიციების თაობაზე მონაცემებში უნდა გამოვლინდეს. სტატიაში გამოყენებულია ანალიზის რეგიონული დონე და არა ქვეყნის დონე. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ქვეყნის დონეზე დეგლობალიზაციის ტენდენციები შეიძლება განპირობებული იყოს ცვლილებებით ქვეყნის შიდა ეკონომიკურ პოლიტიკაში და არა საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაში განვითარებული პროცესებით. შესაბამისად, სტატიაში გაანალიზებულია ვაჭრობისა და ინვესტიციების შესახებ მონაცემები თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაში არსებული ისეთი უმსხვილესი რეგიონული ინტეგრაციული ჯგუფების დონეზე, როგორიცაა, ევროკაშირი (EU), ნაფტა (NAFTA) და ასეანი (ASEAN) (ჩინეთის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის ჩათვლით)). გაერო-ს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მონაცემების თანახმად, საქონლით ვაჭრობის 70% სწორედ აღნიშნულ რეგიონულ ინტეგრაციულ ჯგუფებზე/ქვეყნებზე მოდის. ამასთან, 2005 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 80%-ზე მეტი აღნიშნულ რეგიონულ ინტეგრაციულ ჯგუფებს/ქვეყნებს ეკუთვნოდა. ამდენად, დეგლობალიზაციის ტენდენცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა აღნიშნული რეგიონული ინტეგრაციული ჯგუფების/ქვეყნების ვაჭრობისა და ინვესტიციების თაობაზე მონაცემებში ჰპოვებდა ასახვას.

სტატიაში, ვაჭრობის გლობალიზაციის ტენდენციების ანალიზის მიზნით გამოყენებულია ზემოაღნიშნული რეგიონული ინტეგრაციული ჯგუფების/ქვეყნების ექსპორტის საშუალო წლიური ზრდის ტემპი და მშპ-სთან მიმართებაში ვაჭრობის წილი, რაც ეკონომიკის გახსნილობისა და შესაბამისად, ვაჭრობის გლობალიზაციის ერთერთი მთავარი ინდიკატორია. კაპიტალის მოძრაობის გლობალიზაციის ანალიზი განხორცილებულია მსოფლიო ინვესტიციებში აღნიშნული რეგიონული ინტეგრაციული ჯგუფების/ქვეყნების წილზე და ამ ქვეყნებიდან გასულ და ამ ქვეყნებში განხორციელებულ ინვესტიციებზე დაკვირვებით. საანალიზო პერიოდია 2005-2019 წლები.

აღნიშნულ პერიოდში ვაჭრობისა და ინვესტიციების მნიშვნელოვანი კლება მხოლოდ 2008-2009 წლებში შეინიშნება, რაც გლობალური ფინანსური კრიზისის გამოძახილია. ამ პერიოდიდან მოყოლებული 2019 წლის ჩათვლით, აღნიშნული რეგიონული ინტეგრაციული ჯგუფების/ქვეყნების ვაჭრობასა და ინვესტიციებში გრძელვადიან კლებად ტენდენციას, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს დეგლობალიზაციის უტყუარ ნიშნად, ადგილი არ ქონია. შესაბამისად, 2005-2019 წლებში, მიუხედავად გლობალიზაციის ტემპების შენელებისა, ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართ გახსნილობა კვლავ რჩებოდა მსოფლიო ეკონომიკის განვითარების მაგისტრალურ მიმართულებად.